საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

2015 წლის 21 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ, მთავარი მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაში, რომელიც დაეთმო ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) გათვალისწინებული საკითხების შესრულების მდგომარეობის განხილვას.

მინისტრის მოადგილემ პარლამენტის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ. გიგი გიგიაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის რიგით მესამე ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე შეუდგა რეკომენდაციებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას და მოკლე პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური, ერთობლივი მუშაობის შედეგად, მ. წ. მაისიდან საერთო ჯამში მიღებულ იქნა 15-მდე საკანონმდებლო ცვლილება, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, შემუშავდა შესაბამისი ინსტრუქციები და რეგულაციები, დაინერგა ახალი სერვისები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები VLAP-ით განსაზღვრული მიმართულებებით.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული შემფასებელი მისიები ეწვია. ექსპერტთა ვიზიტებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროკომისიის მორიგი ანგარიში მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს.

გიგი გიგიაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარის მიერ განხორციელებული საკმაოდ დიდი პროგრესის გათვალისწინებით, ექსპერტების შეფასება დადებითი იქნება, რაც საშუალებას მისცემს ევროკომისიას, რეკომენდაციით მიმართოს ევროკავშირის საბჭოსა საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.