საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

2016 წლის 26 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან (Needs Assessment Mission - NAM). 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობაზე.

ქართულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, რომ არჩევნები მაქსიმალურად ღიად, დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა არჩევნებზე მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობას და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ODIHR-ის მისიას საქმიანობის განხორციელების პროცესში.

საჭიროების შემფასებელი მისია საქართველოში 25-დან 29 აპრილამდე იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში შეაფასებს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პროცესსა და წინასაარჩევნო გარემოს, რის შემდეგაც მისია მოამზადებს შესაბამის ანგარიშს და გასცემს რეკომენდაციებს არჩევნების მონიტორინგის პროცესში ODIHR-ის ჩართულობასთან დაკავშირებით.

საქართველოში ვიზიტისას საჭიროების შემფასებელი მისია გამართავს შეხვედრებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან.