საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა

25.01.2017 თბილისი -  2017 წლის 24 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. დესისლავა ივანოვამ ბულგარეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ელჩმა ასევე ისაუბრა ბულგარეთის განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე. თავის მხრივ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთის მხარეს პრაქტიკული დახმარებისთვის. 

შეხვედრაზე აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები.  საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების პრაქტიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის გაგრძელების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს პრიორიტეტულ თემებზე, მათ შორის საუბარი შეეხო მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და ვიზიტებს.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. მხარეებმა ისაუბრეს ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობა და განიხილეს სამომავლო პერსპექტივები.