საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

2016 წლის 25 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მიიღო იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მოწვევით სტუმრობენ საქართველოს. იორდანული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობს იორდანელი სენატორი მუსა მააიტა.  

ქართული მხარე მიესალმა იორდანიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს საქართველოში, და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იორდანიის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებისა და უწყებათაშორისი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჩვენს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოზე.

იორდანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.