საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

2016 წლის 2 სექტემბერს საქართველოს ეწვია კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი, ხუან გილიერმო კასტრო ბენეტი. ვიზიტის ფარგლებში კოლუმბიელ სტუმარს უმასპინძლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და კოლუმბიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მზარდ დინამიკას, ასევე, ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივებს.

დავით დონდუამ კოლუმბიელ სტუმარს მიულოცა კოლუმბიის რესპუბლიკის მთავრობასა და შეიარაღებულ რევოლუციურ ძალებს (FARC) შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და გამოთქვა იმედი, რომ ხსენებული შეთანხმების იმპლემენტაცია შეუქცევად სახეს მიიღებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მშვიდობის შენარჩუნებას მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ექნება, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების, ასევე რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.
კოლუმბიელ სტუმარს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოსა და საინვესტიციო პოტენციალს.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, გაიმართა ბენეტის შეხვედრა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, სადაც უფრო დეტალურად იყო განხილული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.