საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

2016 წლის 5 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა საქართველოში ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ჰაი შელოუს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და UNHCR-ს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
 
შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს. აღინიშნა UNHCR-ის, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო ორგანიზაციის განსაკუთრებული როლი მეორე სამუშაო ჯგუფში, რომლის ფარგლებშიც განიხილება წმინდა ჰუმანიტარული საკითხები, პირველ რიგში, დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.    
 
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების, როგორც რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების, მათ შორის დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების განსახილველად არსებული ერთადერთი ფორმატის მნიშვნელობას და დაადასტურა პროცესში კონსტრუქციული მონაწილეობისათვის მზადყოფნა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით.