საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ სამხრეთ კავკასიის მე-12 მედია კონფერენციის დამსწრე დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

2015 წლის 29-30 სექტემბერს, თბილისში,  მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისის ორგანიზებით, იმართება სამხრეთ კავკასიის მე-12 მედია კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.

29 სექტემბერს, ღონისძიების გახსნას დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციაზე დამსწრე დელეგატებს.

თავის გამოსვლაში, ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ მედიის თავისუფლების გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და მადლობა გადაუხადა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, დუნია მიატოვიჩს აქტიური თანამშრომლობისთვის.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართა დუნია მიატოვიჩისა და ხათუნა თოთლაძის ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ მუშაობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.