საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

2015 წლის 30 სექტემბერს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  დავით ჯალაღანიას შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან,  ჟუჟანა იაკაბთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი პროექტები. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. თავისმხრივ,  ჟუჟანა იაკაბმა აღნიშნა ჯანდაცვის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ხაზი გაუსვა ამ კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
 
ჟუჟანა იაკაბი მონაწილეობას იღებს ქ. თბილისში მაღალი დონის რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის მკურნალობის დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის საკითხებს ეძღვნება.