საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილესამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 9-10 დეკემბერს გამართული 30-ე რაუნდის შედეგები და 17-18 მარტს დაგეგმილ რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კონსტრუქციული მოლაპარაკებების აუცილებლობა, უპირველესად, ძალის გამოუყენებლობასთან და დევნილი მოსახლეობის დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტის გამო და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" კვალდაკვალ, შეფასდება, როგორც საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია. ამასთან, აღინიშნა, რომ ე.წ. „ხელშეკრულებები" გაართულებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში კონკრეტულ საკითხებზე პროგრესის მიღწევას და უარყოფითად აისახება საქართველოსა და მთელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დაადასტურა ფორმატში კონსტრუქციულად მონაწილეობისთვის მზადყოფნა.