საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ქ. ვენაში, მიმდინარე წლის 28-30 ივნისს გაიმართება.

27 ივნისს, ქ. ვენაში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს თავმჯდომარესთან, ეუთო-ში გერმანიის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ ებერჰარდ პოლთან, ეუთო-ს კონფლიქტის პრევენციის ცენტრის დირექტორთან, ელჩ მარსელ პეშკოსთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან ქ. ვენაში, ელჩ ანდრეას ნოტელესთან და ეუთო-ში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ ტიერი ბეშესთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეუთო-სთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს და საქართველოს პრიორიტეტებს ორგანიზაციაში. მინისტრის პირველმა მოადგილემ უცხოელ კოლეგებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. შეხვედრებზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო განვითარებები და ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში ეუთო-ს როლის გაზრდის მნიშვნელობას.

ქართულმა მხარემ შეხვედრებზე დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, 2016 წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ღიად, სამართლიანად და დემოკრატიული სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საარჩევნო პროცესებში საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობის მნიშვნელობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის რამდენიმე სამუშაო სესიაზე ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს სიტყვით მიმართავს.