საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

2016 წლის 26 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას, ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის სამზადისს. მხარეებმა ისაუბრეს მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრების ორგანიზებისა და ვიზიტების გაცვლის საკითხებზე. აშშ-ს მხარემ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა.

ამავე დღეს დავით ზალკალიანი შეხვდა მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, კურტ უოკერს და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ უილსონს. აშშ-ს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას და დემოკრატიულ რეფორმებს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს; ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.