საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრიფინგის ჩანაწერი

მოგესალმებით, დღევანდელ ბრიფინგს გასული კვირის მოვლენების შეფასებით დავიწყებ.  თქვენ იცით,  რომ გასული კვირის ერთ-ერთი  მთავარი მოვლენა გახლდათ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ  მიმდინარე პროცესები. გასულ კვირას გაკეთდა ამ პროცესების ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები,  მაღალი ტრიბუნიდან,  მხედველობაში მაქვს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის განცხადება, ისევე როგორც ნატოს გენერალური მდივნისა  და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებები.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ვიმყოფებოდით ცხინვალის რეგიონის  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.  დიპლომატები უშუალოდ გაეცნენ  მავთუხლართების და ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად არსებულ მდგომარეობას სოფლებში - ზემო ხურვალეთი, დვანი და დიცი.

უნდა აღინიშნოს, რომ ის განცხადებები რომლებიც გაკეთდა გასულ კვირას არ იყო მხოლოდ და მხოლოდ განცხადება განცხადებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშნელოვანი გზავნილები,  კერძოდ, საუბარი იყო რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და  2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევაზე.  იყო მოწოდება, რომ  რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს პროცესი. მათ შორის  ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში საუბარი იყო იმაზეც, რომ რუსეთმა უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს  მხრდან, კვლავაც გაგრძლდება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია საქართველოს პოზიციის მხარდასაჭერად.  ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, ასევე იმ ვიზიტების შესახებ, რომელიც  მიმიდნარე კვირას განხორციელდება, ამ შეხვედრების მთავარი ლაიტმოტივიც სწორედ იქნება  ის რომ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

მთელი სამინისტრო, ისევე როგორც  დიპლომატიური კორპუსი არის მობილიზებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება დეტალურად მივიტანოთ ინფორმაცია ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების დედაქალაქებში,  თუ რა ხდება ოკუპირებული საზღვრის გასწვრივ  და შესაბამისად მოვიპოვოთ მათი მხრიდან მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ამ კონტექსტში გამოყენებული იყო 4-5 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში, სადაც  ქ. კიშინეუში გაიმართა ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო ფორუმის კონფერენცია. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მის გამოსვლაში საუბარი იყო სწორედ ამ პროცესებზე.  გარდა ამისა გაიმართა შეხვედრები მოდლოვას ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა მოლდოვას პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ორმხრივ შეხვედრებზე  საუბარი იყო სწორედ ქვეყნის პრობლემებზე ოკუპაციასთან დაკავშრებით და ასევე,  თუ როგორ ემზადება საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტისთვის. მოლდოვა, ისევე როგორც საქართველო „აღმოსავლეთის  პარტნიორობის" ინიციატივის  წევრი ქვეყანაა. აღნიშნული  ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას რესპუბლიკასთან გაფორმდა ერთობლივი განცხადება ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ.  ეს დოკუმენტი  მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის უფრო ახლო, მჭიდრო თანამშრომლობის წახალისებას და ევროინტეგრაცული მიზნების ხელშეწყობას ვილნიუსის სამიტამდე დარჩენილ და სამიტის შემდგომ პერიოდში. 

ასევე კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც გასული კვირის მოვლენებიდან მინდა შვეხო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (ქიაო) აღმასრულებელი საბჭოს 27 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებას სირიაში არსებული ქიმიური იარაღის მარაგების სრული განადგურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული საბჭოს 41 წევრის მიერ, რაც, თავის მხრივ, ცხადყოფს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, არადეკლარირებული ქიმიური იარაღის არსენალის განადგურების საკითხის მიმართ.   

ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სირიაში ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს N2118 რეზოლუციის განხორციელებისთვის. 

ამასთანავე, ქართული მხარე გამოხატავს მზადყოფნას, რათა გააგრძელოს თანამშრომლობა როგორც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან, ისე სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.  

ახლა კი მოგახსენებთ მიმიდნარე კვირაში დაგეგმილ ვიზიტებზე.

დღეს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.  ვიზიტის ფარგლებში გაიმართება, ქ-ნ მაია ფანჯიკიძის შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ  მინისტრთან, გუიდო ვესტერველესთან, ასევე ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხებში კრისტოფ ჰოისგენთან.    შეხვედრებისას განხილიება როგორც ორმხირვი ურთიერთობების საკითხები ისე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული საკითები. ვილიუსის სამიტამდე არც თუ ისე დიდი დრო, თვეზე მეტია დარჩნილი და ბუნებრივია, გერმანია, როგორც ევროკავშირის მნიშნელოვანი პარტნიორი ქვეყანა, დაინტერესებულია თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და ქ-ნი მინისტრი  სწორედ ამის შესახებ მოახსენებს გერმანელ პარტიორებს.  ბუნებრივია, საუბარი იქნება საოკუპაციო ხაზის   გასწვრის მიმდინარე პროცესებზე,  ჩვენ გერმანელ პარტიონრებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. მოგეხსენებათ გერმანიის ხმა და მისი პოზიცია ძალიან მნიშველოვანია ევროკავშირისთვის.  იმედს გამოვთქვავთ, რომ, ეს მოვლენები საანადოდ იქნება შეფასებული. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქ-ნი მინისტრი სიტყვით გამოვიდა გერმანიის  საგარეო პოლიტიკის საზოგადოებაში. ასევე გუშინ მინისტრი შეხვდა გერმანიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.

9-10 ოქტომბერს დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის  ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში.  10 ოქტომბერს მინისტრი შეხვდება ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერის. ასევე დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა ეუთოს მუდმივ საბჭოს  სხდომაზე. ეუთოს საბჭოს წევრებს, ელჩებს, ეუთოს გენერალურ მდივანს მინისტრი დეტალურად აცნობებს ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.

ეუთო არის ძალიან  მნიშნელოვანი ორგანიზაცია.  როდესაც  მავთუხლართების დამონტაჟების პროცესმა ინტენსიური ხასიათი მიიღო, საქართველო მუდმივად აწვდიდა ეუთოს  საბჭოს დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე პროცესების თაობაზე.  ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს ეუთოს მხრიდან და ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს არაერთი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა, როგორც ცალკეული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ასევე, აშშ-ის მხრიდან. მ.წ.-ის ივნისში მე პირადად გახლდით  უსაფრთხოების ყოველწლიური მიმოხილვის კონფერენციაზე. მაშინაც, ჩვენი მხრიდან,  აღნიშნული კონფერენცია გამოყენებული  იყო ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მიმდნარე პროცესებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მექანიზმები იყოს უფრო ეფექტურად  გამოყენებული ოკუპირებულ რეგიონებში, იგივე  მავთუხლართების დამონტაჟების პროცესის შესაჩერებლად და პრევენციისთვის.

ავსტრიაში, მინისტრის ვიზიტის დროს,  გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ავსტრიის ყოფილ კანცლერთან ვოლფგანგ შუსელთან.

როგორც ცნობილია საქართველო წელს პირველად საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ვენის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების  ბაზრობაში.  საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკაში  ვიზიტის ფარგლებში 9 ოქტომბერს ამ ღონისძიებას დაესწრება და სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. ხოლო,  11 ოქტომბერს, ქართულ პავილიონს გახსნის ფედერალურ პრეზიდენტთან ერთად და მოხდება ამ პავილიონის ავსტრიულ მხარესთან ერათად დათვალიერება.

შემდეგ გაგრძელდება საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში, სადაც მინისტრი შეხვდება სლოვაკ კოლეგას მიროსლავ ლაიჩაკს.  გაიმართება ასევე შეხვედრა სლოვაკეთის პარლამენტში, პარლამენტის თავჯდომარის მოადგილესთან და  საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან. ეს ვიზიტი, ისევე, როგორც დანარჩენი  ვიზიტები გამოყენებული იქნება დეტალური ინფორმირებისათვის ოკუპირებული საზღვრის გასწვრივ მიმდინარე პროცესებზე.  ასევე რა თქმა უნდა, ეს ვიზიტები უნდა  განვიხილოთ  ვილნიუსის სამიტის  მზადებისთვისაც.

მიმდინარე კვირას, ასევე გაგრძელდება საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, უკვე  ეკონომიკური დიპლომატიის ფორმატში. 12-13 ოქტომბერს მინისტრი ეწვევა კატარის სახელმწიფოს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს  თავჯდომარე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კატარის პრემიერ მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და კატარის ფონდის თანადამფუძნებლებთან და ფონდის  ხელმძღვანელთან  შეიხ მოზასთან.  ასევე გაიმართება შეხვედრა კატარის საინვესტიციო ორგანიზაციასთან და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან,  სადაც განხილული იქნება ორმხირვი ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითები.

საქართველო, მოგეხსენებათ, ძალიან აქტიურად ემზადება ვილნიუსის სამიტისთვის. სწორედ ამ სამიტის მზადების კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მათ შორის,  მიმდიანრე კვირას დაგეგმილი  ღონისძიებები.   მაგალითად  7-8 ოქტომბერს ლუქსემბურგში  გაიმართება ევროკავშირის სამართლის და საშინაო საქმეთა საბჭოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტიორობის" ინიციატივაში ჩართული ქვეყნების შესაბამისი უწყების ხელმძღვანელები. საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს იუსტიციის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ასეთი ფორმატით, მხედველობაში მაქვს 28+ ფორმატი, მსგავსი შეხვედრა პირველად ტარდება.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, გამომდინარე იქედან, რომ იქნება მსჯელობა სწორედ ამ სფეროში - სამართლის და საშიანო საქმეებში მიმდინარე პროცესებზე. ასევე იგეგმება ერთობლივი დეკლარაციის მიღება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში სამართლის და საშიანო საქმეებში თანამშრომლობის თაობაზე.

ვილნიუსის სამიტის მზადების კონტექსტში უნდა განვიხილოთ კიდევ ერთი ღონისძება რომელიც 9 ოქტომბერს ასევე ლუქსემბურგში გაიმართება. განიხილება წევრი ქვეყნების და აღმოსავლეთ ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრების დონეზე. შეხვედრაზე  საუბარი იქნება სატრანსპროტო სისტემის განვითარების საკითხებში  ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე.

ვილნიუსის სამიტის მზადების კონტექსტში კიდევ ერთი მნიშნელოვანი ღონისძიება გაიმართება.  საქართველოს  10-11 ოქტომბერს ეწვევა ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი  მისია,  სადაც საუბარი იქნება სავიზო  ლიბერალიზაციის საკითებზე. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ ვილნიუსის სამიტებზე  ასოცირების შეთანხმების პარაფირების გარდა, საუბარი იქნება სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე. ეს მისია, რომელსაც ჩვენ ველოდებით,  შეაფასებს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს. ჩვენი სურვილია, რომ ეს პროგრესი დაფიქსირდეს ვილნიუსის სამიტზე, რათა საქართველოს   მიეცეს საშუალება შემდგომ  სწრაფად განავითაროს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ორივე ეტაპი.  

თქვენთვის  ცნობილია, რომ ტარდება საპარლამენტო კონფერენცია თბილისში.  ეს გახლავთ „საქართველო ვილნიუსის სამიტის წინ - პარლამენტის როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში". ამ კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირთან  და გაეროს პროგრამასთან ერთად ხორციელდება, საუბარი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს  პარლამენტის როლზე. მოგეხსენებათ,  რომ ასოცირების ხელშეკრულება, ისევე როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ითვალსწინებს პარლამენტის განსაკუთრებულ როლს იმ კონტექსტში, რომ პარლამენტი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირთან, ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს პარლამენტის მხრიდან.  

ბოლოს მინდა გაცნობოთ, რომ 5-8 ოქტომბერს საქართველოში საქართველოს ვიზიტით ეწვევა ავსტარლიის თანამეგობრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე  საქართველოში ავსტრალიის საგანგებო  სრულუფლებიანი ელჩი რეზიდენციით ანკარაში.  ვიზიტის ფარგლებში 7 ოქტომბერს გაიმართება ორმხრივი  პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო უწყებებს შორის. საქართველოს მხრიდან მას მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ჯალაღანია წარმართავს.

ეს იყო რისი თქმაც მსურდა, ახლა მზად ვარ ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს.

ჟურნალისტი: ტელეკომპანია რუსტავი 2, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, როგორც ცნობილია აგვისტოს ომის ერთ-ერთი მონაწილეც ჩაერთო ამ პროცესში, და მას  ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემა დაევალა.  აქტუალური გახდა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ  რა არის ოფიციალური თბილისის პოზიცია? ხომ არ გადაიხედება აქამდე გაცხადებული პოზიცია, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში,  რა ფორმით მოხდება მონაწილეობის მიღება, წავლენ სპორცმენები, იქნება სამთავრობო დელეგაციაც, იყო თუ არა ამაზე საუბარი და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ დეტალები ამასთან დაკავშირებით?

დ.ზალკალიანი: ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ოკუპაციის ფონზე სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ოლიმპიური გუნდის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, უკიდურესად რთული მისაღები იყო. მიუხედავად  ამისა, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გამოხატა კეთილი ნება და საქართველო-რუსეთის  ურთიერთობის თანამიმდევრული მოწესრიგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე.

ვთვლიდით, და ახლაც ვთვლით, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება ორივე ქვეყნის მოქალაქეებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამ რთულ გზაზე კი, აუცილებელია ურთიერთობის ისეთი სფეროების გამოკვეთა, რომლებიც ნაკლებად წინააღმდეგობრივია და ასევე ნაკლებად უკავშირდება საქართველო-რუსეთის ძირითად პრობლემებს. ასეთებად ჩვენ მივიჩნიეთ კულტურას, ვაჭრობას, ტურიზმსა და სპორტს. 

სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს კეთილი ნება ჯერ კიდევ ვერ ან არ არის სათანადოდ შეფასებული და შეიმჩნევა საპირისპირო ტენდენციები. მაშინ, როდესაც ჩვენი სურვილია ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზაცია და მონაწილეობის მიღება ჯანსაღ სპორტულ შეჯიბრებაში, რადგან ოლიმპიური იდეა სწორედ მშვიდობასა და თანამშრომლობას ემსახურება, მეორე მხარე  სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს მის გამოყენებას.

სხვა ვერაფრით აიხსნება, მაგალითად ის, რომ ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსეთმა შეარჩია ,,2008 წლის აგვისტოს ომის გმირი მფრინავი". ცხადია, ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა თავად აირჩიოს გმირები, მაგრამ ასევე ცხადია, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოწესრიგების მსურველი ქვეყანა ასე გამომწვევად არ მოიქცევა.

საქართველოს მთავრობა ამ კუთხით ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან - პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ამავე დროს საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთგულია რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების არჩეული - თანამიმდევრული კურსის.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ დღეიდან განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს. თუ საქართველო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზაცია და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ღირსებისა და ინტერესების დასაცავად შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები და ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების მთავრობები სათანადო ყურადღებას დაუთმობენ ასეთ მნიშვნელოვან  საკითხებს. 

ჟურნალისტი: საუბარია სპორცმენებზე ანუ ოფიციალური დელეგაცია არც განიხლიებოდა?

დ.ზალკალიანი: მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ამ ფონზე,  კიდევ ერთხელ დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები და თუ შემდგომ მოხდება პოლიტიზირება ოლიმპიური თამაშების და გაგრძელდება ეს,  ჩვენ გამოვალთ იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და რომელიც არ შელახავს ჩვენი მოქალაქეების ღირსებას.

ჟურნალისტი: ზამთრის ოლიმპიადაა და საქართველო არ არის მაინცდამაინც  ცნობილი, ძლიერი სპორცმენებით ზამთრის  სახეობებში. ამითომ, რაც შეეხება ჯარიმას, თუ არ მივიღეეთ მონაწილეობა, როდესაც ქვეყნებს შორის საომარი, აგრესიული ვითარება იყო, როგორც ვიცი ჯარიმის თემაც იხსნება. ხომ არ გაუიოლებს ეს საქართველოს უარი თქვას ამ ყველაფერზე?

დ. ზალკალიანი: ეს უკვე ის დეტალებია, რომელსაც უფრო ოლიმპიური კომიტეტის კომპეტენციაა, ამიტომ უმჯობესია ოლიმპიურმა კომიტეტმა გასცეს ამაზე პასუხი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ დღეიდან ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით იმ პროცესებს რომელიც მიმიდნარეობს, მე მოსამზადებელ პრცესებზე მაქვს საუბარი და თუ მოხდება კიდევ უფრო მეტად პოლიტიზირება ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომიდნარე და ჩვენი მოქალაქეების ღირსების შესაბამისი.

ჟურნალისტი: ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები აცხადებენ, რომ ისინი აღარ მიიღებენ მონაწილეობას თუ ფორმატი არ შეიცვლება.  თუ მიიღეს მათ უკვე გადაწყვეტილება, როგორც ვიცით ამ დღეებშია დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკება.

დ. ზალკალიანი: ჟენევის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დაგეგმილია 5-6 ნოემბერს. ბოლო რაუნდების ძირითადი დამაბრკოლებელი გახლდათ სწორედ ის რომ, იყო მცდელობა შეცვლილიყო ფორმატი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ რომ მოხდეს ჟენევის ფორმატის ცვლილება, არც დაგვიშვია და არც მომავალში დავუშვებთ, ამის შესახებ არიან ინფორმირებულნი ჟენევის თანათავჯდომარეები და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომდენო რაუნდიც ზუსტად იგივე ფორმატით ჩაივლის, როგორც ეს წინა რაუნდებში იყო.

ჟურნალისტი: მათ მიიღეს ინფორმაცია ამის შესახებ, ანუ  დაესწრებიან ისინი ამ ფორმატის შეხვედრას თუ არა?

დ.ზალკალიანი: ჯერ-ჯერობით,  ჩემი ინფორმაციით ჟენევის ფორმატთან დაკავშრებით არანაირი ცვლილებები არ იგეგმება და არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი არ დაესწრებიან შემდეგ რაუნდს.

ჟურნალისტი: როგორ ჩატარდება არჩევნების პროცესები საზღვრებს გარეთ?

დ.ზალკალიანი: თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ,  საგრძნობლად გავაიოლეთ ჩვენი მოქალაქეების საკონსულო რეგისტრაციაზე აღრიცხვის პროცესი, რაც ძალიან გართულებული იყო წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. ჩვენ გავაუქმეთ  წინა ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნიდა ჩვენს მოქალაქეებს, იმისთვის  რომ დამდგარიყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე. უფრო მეტიც, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა ზღვარი 6 ოქტომბერი, საკონსულო აღიცხვაზე დადგომისათვის, როგორც საბოლოო ზღვარი. 5-6 ოქტომბერი იყო დასვენების დღეები და იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის პრობლემები არ შეგვექმნა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა საკონსულო სამსახურს საზღვარგარეთ დასვენების დღეებშიც ემუშავა, იმისათვის რომ მოქალაქეებს მისცემოდათ საშუალება გაევლოთ საკონსულო აღრიცხვა. როგორც მოგეხსენებათ მათ უჭირთ ამის გაკეთება სამუშაო დღეებში.  ჩვენ გავითვალისწინეთ მათი ეს პრობლემა,  5-6 ოქტომბერიც სამუშაო დღედ გამოვაცხადეთ საკოსულოებში, იმისათვის, რომ რაც შეიძება მეტ ჩვენს მოქალაქეს ჰქონოდა უფლება დამდგარიყო საკონულო აღრიცხვაზე. უკვე სრულად არის მობილიზებული ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, იქმნება საარჩევნო კომისიები,  ისე როგორც ამას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნები გვკარნახობს.  მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საუკეთესო არჩევნები ბოლო დამოუკიდებელი  20 წლის განმავლობაში, როგორც მთლიანად საქართველოში ისე საზღვარგარეთ  საქართველოს საელჩოებში.

ჟურნალისტი: რუსეთში რა სიტუაცია იქნება?

დ.ზალკალიანი: რუსეთთან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა.  

 

2013 წლის 7 ოქტომბერი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი