საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის არაფორმალურ მინისტერიალში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) არაფორმალურ მინისტერიალში, რომელიც ქ. ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

მინისტერიალს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ უძღვებოდა.

არაფორმალურ შეხვედრაზე საუბარი შეეხო BSEC-ის ფარგლებაში თანამშრომლობის საკითხებს და ორგანიზაციის დღის წესრიგს.

ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები BSEC-ის განვითარების და ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით. მონაწილეთა უმრავლესობის აზრით საჭიროა უფრო მეტი კოოპერაცია და BSEC-ის ფარგლებში ეფექტური ეკონომიკური პროექტების განხორციელება.

BSEC-ის არაფორმალურ მინისტერიალს ასევე ესწრებოდა ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლოს საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. ევროკავშირის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ორგანიზაციასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ.