საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან

20.12.2016 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართა. ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში სტუმრობს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დროულად შემოღებისთვის ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა ევროპარლამენტის განსაკუთრებით პოზიტიური როლი და იმედი გამოთქვა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის საკანონმდებლო პროცედურები ევროკავშირში უახლოეს პერიოდში წარმატებით დასრულდება.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროპარლამენტის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნების განხორციელებაში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ძალაში სრულად შევიდა ასოცირების შეთანხმება. ხაზი გაესვა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიზნით, საპარლამენტო განზომილების, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის  ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობისა და დიალოგის შემდგომი ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოების ხელშეწყობის მიზნით.