საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

26 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა  საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ნატო-ს  გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების პროცესი.   ხაზი გაესვა, რომ   პაკეტით გათვალისწინებული ყველა ელემენტის განხორციელება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა ამის ნათელი დადასტურება იყო. შეხვედრისას ასევე დეტალურად განიხილეს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი. აღინიშნა, რომ  სამიტზე ადეკვატურად უნდა აისახოს საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ეს სამიტი უნდა იყოს გაწევრიანებისკენ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს, ავღანეთში მიმდინარე  ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე.  გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს  ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში უმნიშვნელოვანესი  მონაწილეობისათვის.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები და გართულებული უსაფრთხოების გარემო.