საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა, რომელიც 2015 წლის 17 თებერვლას რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია.

შეხვედრაზე მინისტრმა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველო-აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ომნიბუსის შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებს, განიხილეს  აშშ სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა. მხარეებმა ასევე ყურადღება გამახვილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე და ამ მხრივ აღნიშნეს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო მისიის ვიზიტის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოითქვა მზაობა  გააგრძელოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა რეფორმების გატარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზეც, აღინიშნა შეერთებული შტატების მხარდაჭერა ამ მიმართულებით, მათ შორის ნატოს არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციის პროცესში. თამარ ბერუჩაშვილმა და ვიქტორია ნულანდმა ისაუბრეს  ქვეყანასა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და იმ ანექსიურ პოლიტიკაზე, რასაც რუსეთის ფედერაცია საქართელოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ ეწევა.