საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-საქართველოს დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს და აშშ-ს მხრიდან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა.
 
კერძოდ   მხარეებმა ისაუბრეს  საქართველოში დემოკრატიის კუთხით მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ამერიკული მხარე მიესალმა საქართველოს მიერ დემოკრატიისა და კარგი მმართველობის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს.      
 
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები  თავისუფალი, გამჭირვალე და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობისა და ქვეყანაში მშვიდი და სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით.
 
ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის განვითარების, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.
 
შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები დავით ზალკალიანი და დავით დონდუა, ხოლო აშშ-ს მხრიდან - დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რობერტ ბერშინსკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ტომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნების საპროკურორო საქმიანობის განვითარების დახმარებისა და ტრენინგის ოფისის ევრაზიის რეგიონული დირექტორი ქეთრინ ნიუკომბი.