საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანელ ჟურნალისტებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 16 გერმანელ ჟურნალისტს შეხვდა, რომლებიც 1-5 მაისს საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში ეწვივნენ.

მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და  ქვეყნის განვითარების  მიმართულებებზე. 

მიხეილ ჯანელიძემ გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე,  იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია და ხაზი გაუსვა, რომ   ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება  მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის  პროცესში. მან ისაუბრა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით, რის შედეგადაც   ევროკავშირი დღეს საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.  მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და იგი უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რაც, მისი განცხადებით  ქვეყნის ისტორიული როლია და საქართველოს მთავრობა დღეს მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს, აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან.

გერმანელ ჟურნალისტთა საინფორმაციო ტური საქართველოში ხორციელდება ბერლინის პრეს-კლუბის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანამონაწილეობით. აღნიშნული ტურის მიზანია გერმანელი ჟურნალისტები უკეთ გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას, მთავრობის საქმიანობას, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. ჯგუფში გაერთიანებული არიან ბერლინის პრეს კლუბის წევრი ჟურნალისტები, რომლებიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წამყვან მედია საშუალებებს წარმოადგენენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანელ ჟურნალისტებს  გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ჟურნალისტებმა მოინახულეს ბოდბეს მონასტერი და გაესაუბრნენ  მონასტერში მსახურ დედებს. მოგვიანებით მათ დაათვალიერეს სიღნაღი.  ეწვივნენ შუხმანის ღვინის საწარმოს და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებს გაეცნენ. 

საინფორმაციო ტურის ფარგლებში ჟურნალისტები შეხვედრას გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ქართველ კოლეგებთან.

გერმანელი ჟურნალისტები მოინახულებენ იუსტიციის სახლს, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსა და 112-ის სერვის ცენტრს.

ჟურნალისტთა ჯგუფი ასევე ეწვევა სოფელ ასურეთს (უძველესი გერმანული დასახლება საქართველოში), სადაც ადგილზე გაეცნობა სოფლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას.

ვიზიტის ფარგლებში გერმანელ ჟურნალისტებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II მიიღებს.