საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა

2015 წლის 19 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგანგებო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა უცხოელ დიპლომატებს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმების შესახებ საქართველოს პოზიცია გააცნეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული დოკუმენტის მსგავსად, წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული ე.წ. „ხელშეკრულება“ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონულ უსაფრთხოებას. ხაზი გაესვა, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად დაამთხვია დოკუმენტის გაფორმება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რაც წარმოადგენს პროვოკაციულ ქმედებას და მიზნად ისახავს არსებული ფორმატის დაკნინებას.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და მიიღოს ქმედითი ზომები რუსეთის უკანონო პოლიტიკის აღსაკვეთად, კერძოდ: განახორციელოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა მან შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პოლიტიკა და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები, მათ შორის აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარი და სამხედრო ტექნიკა და მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა; მოსკოვთან ორმხრივი ფორმატების ფარგლებში ხაზი გაუსვას რუსეთის აგრესიული ქმედებების მიუღებლობას; განიხილოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაუყოვნებლივ შექმნა.



პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი