საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა

2015 წლის 9 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროპის კვირეულში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ევროინტეგრაციის თემატიკაზე შექმნილი საინფორმაციო-შემეცნებითი ნამუშევრების გამოფენა. სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,  მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესზე, ამ გზაზე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპის კვირეული საქართველოში გახდა ტრადიცია. ეს არის ძალიან საინტერესო ახალი ფორმატი, რომელიც შემოვიდა ჩვენს საზოგადოებაში და  მეამაყება, რომ ამაში ჩემი წვლილიც არის.  სტუდენტები ამ ღონისძიების უმნიშვნელოვანესი აუდიტორიაა. ჩემი ყველაზე საყვარელი აუდიტორია. მათთან დისკუსია  მიეძღვნა ზოგადად ევროპულ იდეას, საქართველო-ევროკავშირის დღევანდელ ურთიერთობებს,  რიგის სამიტის პრიორიტეტებს.  საინტერესო იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა ზოგადად საქართველოს ევროპული პერსპექტივის , გამოწვევების და  შესაძლებლობების შესახებ. სტუდენტური აუდიტორია მუდამ არის განსაკუთრებით დატვირთული ახალი იდეებით და აუცილებელია მათთან რეგულარული შეხვედრები.  ეს გვაძლევს ახალ სტიმულს, უფრო ეფექტიანად დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა და კონკრეტულად ევროპული ინტეგრაცია მიუძღვნათ მათ, ვინც უნდა უპირველეს ყოვლისა კარგად შეიცნოს, რა არის ეს ყველაფერი და მეორე, მაქსიმალურად გამოიყენო ის შესაძლებლობლობები, რასაც საქართველოს მისცემს კონკრეტული ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე“-განაცხადა მინისტრმა. საქართველოში ევროპის კვირეული 4 მაისს გაიხსნა.   

 

2015 წლის 9 მაისი
 
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი