საგარეო საქმეთა მინისტრი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

10.07.2016 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებთან. 

აღნიშნული ორგანიზაციების დელეგაციები, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, დააკვირდებიან 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა NDI-სა და IRI-სთან მრავალწლიან, მჭიდრო თანამშრომლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის დაინტერესება მოახლოებული არჩევნების მაქსიმალურად ღია, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს მოწვევისთვის და დაადასტურეს ინტერესი თანამშრომლობის გაგრძელების მიმართ.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო. პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ არჩევნების დღის გამოცხადებამდე კარგა ხნით ადრე გავაგზავნეთ მოსაწვევები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მათი მხრიდან იყო ძალიან აქტიური გამოხმაურება, რისი დასტურიც არის ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს უპრეცედენტოდ მაღალი დონის და რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლები“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა შეხვედრის დასრულების შემდგომ.

დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ IRI-ს პრეზიდენტი, ელჩი მარკ გრინი და NDI-ს ბორდის წევრი, ყოფილი სენატორი ტედ კაუფმანი.