საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონელ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - “საქართველოს ევროპული გზა” მონაწილე ესტონელ პარლამენტარებს შეხვდა.
 
კერძოდ  შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან კალლე პალლინგთან და ქეით პენტუს როსიმანუსს.
 
შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და უპრეცედენტოდ ნაყოფიერ თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის, საგადასახადო სისტემის რეფორმების, სტრატეგიული კომუნიკაციების და სხვა მიმართულებებით.
 
ესტონელმა დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ესტონეთის მზადყოფნა აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს საერთაშორისო არენაზე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
 
აღინიშნა, რომ ესტონეთის პარლამენტი ერთ-ერთი პირველი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის, რომელმაც მოახდინა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. ესტონელი დეპუტატების მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ის კონკრეტული შედეგი, რომელიც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, ბიზნეს კავშირების ინტენსიფიკაციას და კულტურულ დაახლოებას. ​