საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თბილისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნას დაესწრო, რომელსაც ეუთოს წევრი ქვეყნების 700-ზე მეტი სტუმარი ესწრება.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ილკა კანერვამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტიმ.
საქართველოს პრემიერ მინისტრის შეფასებით სიმბოლურია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის საქართველოში გამართვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს დაემთხვა.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ საპარლამენტო ასამბლეის ფორმატს და, ზოგადად, მის წვლილს ეუთოს საქმიანობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყურადღების ცენტრშია. მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, საქართველო გახდა ეუთოს მონაწილე ქვეყანა და აქტიურად ჩაერთო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.“-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება ა.წ. 1-5 ივლისს იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ეროვნული პარლამენტების წევრები, ასევე  პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტები, დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.