საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიის ეროვნული დღისადმი გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ლუკას ბეგლინგერმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ შვეიცარია საქართველოს მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შვეიცარიის ელჩს ეროვნული დღესასწაული მიულოცა, მინისტრის განცხადებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოსა და შვეიცარიას შორის მჭიდრო მეგობრული ურთოერთობა ემსახურება იმ საერთო ღირებულებებს, რაც ორ ქვეყანას გააჩნია. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა შვეიცარიის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ხელშესახები შედეგებია მიღწეული ეკონომიკური და რეგიონალური თანამშრომლობის მიმართულებით.

მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა შვეიცარიის კანტონებისა და საქართველოს რეგიონების მზარდი თანამშრომლობა ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული განვითარების კუთხით.

შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი გამართულ მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.