საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩებს კაჭრეთში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა დიპლომატებს კაჭრეთში უმასპინძლა.ელჩებთან არაფორმალურ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ თანამშრომლობისა და საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს, ევროპული და ევრო-ატლანტიკური იტეგრაციის გზაზე და ის ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს. კვირიკაშვილის განცხადებით  საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ევროპული და  ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები საქართველოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. "საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველო ევროპის მნივნელოვანი და საიმედო პარტნიორია,  ჩვენ პროგრესი გვაქვს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით და ველოდებით დადებით შედეგს. ეს მნიშვნელოვანი აღიარება იქნება იმ მიღწევების რაც საქართველომ განახორციელა" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა .

მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრაზე მიმოიხილა მისი ბოლო შეხვედრები საფრანგეთში, აშშ-სა და ბელგიაში და ასევე მათ გააცნო სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა საქართველოში თურქეთის ელჩს და თურქ ხალხს ანკარაში მომხდარი ტერაქტის  გამო.