საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში 6-7 თებერვალს ორმხრივი შეხვედრები გამართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიელ, შვედ კოლეგებს,  ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.
შვედ კოლეგასთან, მარგო ვალსტრომთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა შვედეთის, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის თანაავტორის, განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.  საქართველო მიიწვიეს სტოკჰოლმში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც მთავრობას საშუალება ექნება წარსდგეს ანგარიშით ბოლო დროს ქვეყანაში განხორციელებული  რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ.  თამარ ბერუჩაშვილმა კოლეგა მინისტრი საქართველოში მოიწვია.
ნორვეგიის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ბიორნ ბერგთან შეხვედრის დროს განხილული იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები სხვადსხავა პრიორიტეტული სფეროების მიმართულებით.

ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუვეითის განვითარების ფონდთან თანამშრომლობას და პრიორიტეტულ პროექტებზე მუშაობას.

ქუვეითის მხარემ გამოხატა თავისი მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოსა და    ყურისა და არაბთა ლიგის ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.

საქართველოსა და ქუვეითის საგარეო მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოში ქუვეითის საელჩოს გახსნის შესაძლებლობა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილმა  შეხვედრა გამართა ასევე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან. შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადი  დრო დაუთმეს რეგიონში მიმდინარე პროცესებს. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის საფრთხეზე, კერძოდ, რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან  გაფორმებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულებასა“ და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ანალოგიური დოკუმენტის პროექტზე.  აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში გაერო-ს სააგენტოების საქმიანობა და ორმხრივი თანამშრომლობის პროექტები. ქართული მხარის მიერ აღინიშნა გაერო-ს მნიშვნელოვანი როლი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. შეხვედრის მიწურულს თამარ ბერუჩაშვილმა იან ელიასონი საქართველოში მიიწვია.

 
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
7 თებერვალი