საგარეო საქმეთა მინისტრმა ,,ვიშეგრადის ოთხეულის'' და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა, მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ,,ვიშეგრადის ოთხეულისა'' და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2016 წლის 4 მაისს ქ. პრაღაში გაიმართა.

შეხვედრაში ვიშეგრადის ოთხეულის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის  მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი მონაწილეობდნენ.
 
მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს 2015 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები.
 
ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წამყვან პოზიციას. ვიშეგრადის თავმჯდომარე ქვეყნის ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირთან სამ ასოცირებულ ქვეყანასთან ვიშეგრადის ჯგუფი თანამშრომლობას განსაკუთრებული ინტენსივობით გააგრძელებს. ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს, მათ შორის, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციისა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით, და გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების  უახლოეს მომავალში მიღების შესახებ.
 
საქართველოს მხრიდან ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ქვეყნებისთვის ვიშეგრადის ჯგუფთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღინიშნა ვიშეგრადის სპეციალური ფონდის ფუნქციონირება, რომელიც დიდ დახმარებას უწევს აღნიშნულ ქვეყნებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში  რეფორმების ეფექტურ განხორციელებაში.  
 
შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე განიხილეს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში არსებული ვითარება,  მათ შორის  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე და იმ შესაძლო განვითარებებზე, რაც აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის მიერ არის განპირობებული და ხელს უშლის მშვიდობის უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა ვიშეგრადის ოთხეულის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.  
 
მინისტერიალზე ასევე ისაუბრეს  განახლებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
 
„ვიშეგრადის ოთხეულის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება წელიწადში ერთხელ, ვიშეგრადის ჯგუფის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით. აღნიშნული შეხვედრები ტარდება „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში (V4+EaP), რომელიც 2011 წელს იქნა ინიცირებული ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების მთავრობების მიერ  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად.