საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საოპკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა

2015 წლის 1 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ღია კარის დღე - ტური ვეცნობით მსოფლიოს". ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მესამედ უმასპინძლა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან პატარებს.
 
ტურში წელს მონაწილეობა მიიღო სოფლების - ლამისყანა,
 ქვემოჭალა, კოდისწყარო, ცერონისი, ტახტისძირი, წაღვლი,ბროლოსნი, ხურვალეთი, ეგრნეთ-მამისაანთუბანი, ავლევი, აბანო, ატოცი, დვანი, თამარაშენი, კნოლევი, ბერშუეთი, დიცი, ზემო ხვითი- საჯარო სკოლების მე-6- მე-8 კლასის 42 მოსწავლემ.
 
ტურის ფარგლებში ბავშვები თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ეწვივნენ. წელს ღონისძიებაში 18 ქვეყნის დიპლომატიური მისია მონაწილეობდა. ბავშვებმა მოინახულეს ჩეხეთის, თურქეთის, უკრაინის, იტალიის, სლოვაკეთის, ბრაზილიის, კატარის, ვატიკანის, გემანიის, ყაზახეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ლატვიის, ბულგარეთის, იაპონიის და შვედეთის საელჩოები, ასევე ეწვივნენ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას.
 
საელჩოებში სტუმრობისას ტურში მონაწილე ბავშვებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ აღნიშნული ქვეყნებს, მათ კულტურასა და ტრადიციებს. ნატო-ს სამოკავშირეო ოფისსა და ევროკავშირის წარმომადგენლობაში პატარებს ინფორმაცია მიაწოდეს ნატოსა და ევროკავშირის თაობაზე.
 
"ღია კარის დღე - ტური ვეცნობით ევროპას" 09.00 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ბავშვებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე შეხვდა და მათ სიმბოლური პასპორტები გადასცა.
 
თბილისში მდებარე საელჩოების მონახულების შემდეგ, მოსწავლეები ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიკრიბნენ, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ ბავშვებს შემეცნებითი ხასიათის ლექცია წაუკითხა ევროკავშირსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაცის თემაზე.
 
დღის ბოლოს, მოსწავლეებს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა. მინისტრმა ბავშვებს ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა, რის შემდეგაც სამინისტროში სტუმრებისთვის სადღესასწაულო მიღება გაიმართა.