საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ კორპუსს აკრედიტაციის ახალი პროგრამა წარუდგინა

24.10.2016 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური აკრედიტაციის ციფრული უზრუნველყოფის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს ელექტრონული სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით. 

დიპლომატიური აკრედიტაციის პროგრამა, რომელსაც არცთუ ბევრი ანალოგი გააჩნია მსოფლიოში უზრუნველყოფს საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელების  აკრედიტაციას ელექტრონულად.

ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ადვილად ოპერირებადი ინსტრუმენტი უზრუნველყოფს აკრედიტაციის პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას (ვადების დაცვა, მონაცემთა ციფრული დამუშავება, ინტეგრაცია და ა.შ.),  ასევე მონაცემთა უსაფრთხოების მაღალ დონეს.

პროგრამის პარალელურად დაინერგა ახალი დიზაინის სააკრედიტაციო ბარათი, რომელსაც გააჩნია გაყალბების თავიდან ასაცილებელი სპეციალური ტექნიკური მახასიათებლები.

“საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ელექტრონული მმართველობა და მეტი ელექტრონული მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს საჯარო მომსახურების ეფექტურობას. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, რაც წელს პირველად მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში გაჟღერდა გაეროში, გენერალური დებატების დროს და საქართველომ მოიპოვა ერთ-ერთი ლიდერის ფუნქცია ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს რეფორმებს ამ მიმართულებით და დღევანდელი პროექტიც ამის ერთ-ერთი ნიშანია“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

დიპლომატიური აკრედიტაციის  ციფრული უზრუნველყოფის ახალი პროგრამა შეიქმნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევითა და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (სიდა) ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის ოფიციალურად ამოქმედების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.