საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მესამე ყოველკვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მესამე ყოველკვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2015 წლის ივლისი-სექტემბერის პერიოდს და მასში ასახულია საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

პერიოდული ანგარიში ღია და საჯარო წყაროებს ეყრდნობა და იგი მომზადებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების წამებასა და არასათანადოდ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებამ აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

პერიოდული ანგარიშის მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, რათა  გაგრძელდეს და გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებზე. 
 
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მესამე ყოველკვარტალური ანგარიში