საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის პირველი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის პირველი კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის იანვარი-მარტი პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.
 
ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. ის ეყრდნობა ღია წყაროებს და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.
 
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების მიმართ არასათანადოდ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.
 
წინამდებარე ანგარიში ყურადღებას უთმობს და აანალიზებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „პასპორტიზაციის“ ახალ პროცესს და ეთნიკური  ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღებას, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებული რთული ვითარება კიდევ ერთხელ ცხადყო 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ გალის რაიონის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას, მკვლელობამ, რომელიც ჩადენილ იქნა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.  ხსენებული კრიმინალური აქტი ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას. მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საეთაშორისო მექანიზმების შეუფერხებელი და სისტემატური დაშვების  აუცილებლობას.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო და  მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '14425')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.