საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ხუან მენდესის ანგარიშთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება გაერო-ს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის, ხუან მენდესის 2015 წლის 6 ნოემბრის ანგარიშს, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის შედეგად მოამზადა.

ხუან მენდესი საქართველოს მთავრობის მოწვევით, 2015 წლის 12-19  მარტს  იმყოფებოდა ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც მან  შეხვედრები გამართა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მოინახულა თავისუფლების  აღკვეთის  დაწესებულებები.

ხუან მენდესი აღნიშნავს 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განხორციელებული რეფორმების წარმატებას და  მიესალმება წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აღმოფხვრისაკენ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის წამების ჩამდენი პირების დასჯის სისტემის შემოღებას, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სხვა ეფექტურ ზომებს.

თავის ანგარიშში სპეციალური მომხსენებელი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ   მცდელობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ   რეგიონებში შესვლა და მანდატით გათვალისწინებული საკითხების კუთხით არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობა.

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს და აუცილებლად უზრუნველყოფს მათ ჯეროვნად შესრულებას.

გაერო-ს სპეციალურ მომხსენებლებს ღია მოსაწვევები საქართველოს მთავრობამ 2010 წელს გაუგზავნა.

გაერო-ს სპეციალურ მომხსენებლის სრული ანგარიში