საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბირთვული გამოცდის ჩატარების თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის უხეში დარღვევით, 2016 წლის 9 სექტემბერს მორიგი ბირთვული გამოცდის ჩატარების გამო. 
 
როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული გამოცდების  ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე, საქართველო ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ძირს უთხრის გაუვრცელებლობის საერთაშორისო ძალისხმევას.
 
საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას, რომ მსგავსი ქმედებები ემუქრება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას და იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო შეძლებს მიიღოს ქმედითი ზომები.