საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. „ხელშეკრულების“ რუსეთის ფედერაციის დუმის მიერ რატიფიკაციასთან დაკავშირებით

2015 წლის 19 ივნისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის დუმამ რატიფიკაცია გაუკეთა 2015 წლის 18 მარტს რუსეთის დედაქალაქში მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის  „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელმოწერილ ე.წ. „ხელშეკრულებას".

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს  „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. „ხელშეკრულების" რატიფიკაციას და აცხადებს, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რითაც რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი  საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არ შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს, შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, გაფორმდეს ე.წ. „ხელშეკრულება" ცხინვალის რეგიონთან არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს. ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად.

თბილისი, 2015 წლის 19 ივნისი