საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდთან დაკავშირებით

2015 წლის 18 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდი. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო, მეორე სამუშაო ჯგუფში - ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

მოლაპარაკებები ჩატარდა რთულ ვითარებაში, როდესაც მოსკოვში ხელი ეწერებოდა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას. ეს გულისხმობს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას და პირდაპირ კავშირშია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ყველა მთავარ საკითხთან როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით.

აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის შერჩევა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო მედიატორების შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების ერთადერთი ფორმატის დისკრედიტაციასა და ჟენევის რაუნდის ჩაშლას.

საქართველოს დელეგაციამ აღნიშნული საკითხი დააყენა თანათავმჯდომარეებთან  და აშშ-ის წარმომადგენლებთან და მოუწოდა მათ, რუსეთის ამ უკანონო და პროვოკაციული ქმედების სათანადო შეფასებისაკენ. გუშინვე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადებები გაავრცელეს, სადაც დაგმეს რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. ხელშეკრულების დადება. ხელმოწერის თარიღის დამთხვევა ჟენევის მოლაპარაკებების დღესთან კი შეაფასეს, როგორც აღნიშნული ფორმატის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ამ საკითხს გამოეხმაურნენ ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები თავიანთ განცხადებაში და მოუწოდეს მონაწილეებს კონსტრუქციული ჩართულობისაკენ.

მონაწილეებმა საქართველოდან ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, ასევე  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინააღმდეგ მოსკოვის მიზანმიმართული პოლიტიკა. მათ ნათლად წარმოაჩინეს ყველა ის რისკი, რაც თან ახლავს ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციას ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდიბარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით.

შექმნილ ვითარებაში საქართველოს დელეგაციამ პრინციპულად დააყენა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა.  

მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილეს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების, ასევე გალში მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობა.

ქართული მხარის პრინციპული მოთხოვნები მიუღებელი აღმოჩნდა ზოგიერთი მონაწილისათვის, რის გამოც რაუნდის მიწურულს მათ დატოვეს მოლაპარაკებები.
საქართველოს დელეგაციამ მაქსიმალურად გამოიყენა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდის ფორმატი და განიხილა დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი 32-ე რაუნდი გაიმართება 2015 წლის 30 ივნისს - 1 ივლისს.
 
 
2015 წლის 18 მარტი