საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 37-ე რაუნდთან დაკავშირებით

2016 წლის 5 ოქტომბერს შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 37-ე რაუნდი. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. 

პირველ სამუშაო ჯგუფში განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხი. საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მილიტარიზაციასა და მუდმივ სამხედრო წვრთნებზე, რაც წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის პროცესს, რაც ნეგატიურად აისახება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაზე და კიდევ უფრო ართულებს ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობას.

გაგრძელდა მუშაობა ძალის არგამოყენების საკითხზე, მათ შორის, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა არაკონსტრუქციული დამოკიდებულება გამოიჩინეს. მათ უარი განაცხადეს, განეხილათ საქართველოს პრაგმატული წინადადება ძალის არგამოყენების შესახებ მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტზე, სადაც საუბარი იქნებოდა შესაბამისი მექანიზმებით ძალის არგამოყენების უზრუნველყოფისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე. მონაწილეებმა საქართველოდან იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში რუსეთის წარმომადგენლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხს.

ორივე სამუშაო ჯგუფში თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან პრიციპულად დააყენეს სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პირის დაკავების აუცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო პროვოკაცია. ხაზი გაესვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მიუღებლობას, რაც კიდევ უფრო ართულებს ომის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკა, თავისუფალი გადაადგილებისა და მფლობელობაში არსებულ მიწებზე წვდომის შეზღუდვა. აღინიშნა აფხაზეთის მიმართულებით სოკუპაციო ხაზზე ე.წ. „გამშვები პუნქტების“ შემცირების ნეგატიური გავლენა თავისუფალი გადადგილებაზე. ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციად შეფასდა ასევე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და ახალი რეგულაციების შემოღება, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ეთნიკური ქართველების ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. 

მეორე სამუშაო ჯგუფში დეტალურად იქნა განხილული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული მდგომარეობა. მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის არსებითი განხილვის მნიშვნელობაზე, რასაც ხაზი გაუსვეს ასევე თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან. აღინიშნა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლებისა და ამ კუთხით ქმედითი ზომების დროულად მიღების აუცილებლობა. მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოთქვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო გასხვისების თაობაზე საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საუბარი შედგა ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ტრადიციულად შეეცადნენ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებას და მეორე სამუშაო ჯგუფში მოლაპარაკებების მიწურულს, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას, დატოვეს დარბაზი. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიუღებელია მოსკოვის მცდელობები, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში არ მოხდეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების განხილვა. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2016 წლის 13-14 დეკემბერს.

5 ოქტომბერი, 2016 წელი