საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 38-ე რაუნდთან დაკავშირებით

2016 წლის 13-14 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 38-ე რაუნდი შედგა. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ორივე სამუშაო ჯგუფში შედგა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებული მძიმე მდგომარეობის ინტენსიური განხილვა.

მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის საკითხი და დაგმეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. მონაწილეებმა საქართველოდან  თანათავმჯდომარეებსა და სხვა მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში წლის განმავლობაში მიმდინარე მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების თაობაზე, ასევე  ყურადღება გაამახვილეს გალის რაიონში ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს ადგილზე თავისუფალ გადაადგილებასა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს და მოითხოვეს შესაბამისი განმარტებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

გაიმართა ინტენსიური მოლაპარაკებები ძალის არგამოყენებისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის თაობაზე. რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა კონსესუსის მიღწევა მონაწილეთა შესაბამის განცხადებასთან დაკავშირებით.

მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ასევე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „გამშვები პუნქტების“  შემცირების  გამო.  

საქართველოდან მონაწილეების მიერ ასევე დაისვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი. ხაზი გაესვა ვითარების გამოსწორების მიზნით სათანადო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

მონაწილეებმა საქართველოდან კვლავ დააყენეს 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების საკითხი.

მონაწილეებმა საქართველოდან ისაუბრეს ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე და ამ მიმართულებით შემდგომი მუშაობის მზადყოფნაზე.

ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხზე. თემის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თავიანთ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ. თანამოდერატორების მხრიდან აღინიშნა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ არსებითი განხილვის აუცილებლობა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა ამ მიმართულებით ქმედითი ზომების გატარების მნიშვნელობა.  

აღსანიშნავია, რომ 13 დეკემბერს გაიმართა საინფორმაციო სესია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხზე. ღონისძიებაზე მოწვეულმა საერთაშირისო ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს მშობლიურ ენაზე სწავლების საჭიროებას და ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის აუცილებლობას.  მათ მონაწილეებს გააცნეს ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები და არსებული პრაქტიკა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 28-29 მარტს.