საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ „სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების“ დადებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების“ დადების ფაქტს. მოსკოვის ნებისმიერ ქმედებას, მიმართულს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად შეცვლისაკენ, არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პროცესის ნაწილს.

რუსეთის ფედერაციის აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებს, პირველ რიგში, კი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას.

ე.წ „სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების“ დადებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს შენიღბოს საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკა, რომელიც ნათლად გამოიხატა საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულებების“ გაფორმებაში და უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ განცხადებებში ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.   

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯს და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია, შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში და უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა მშვიდობიანი და უსაფრთხო დაბრუნების პირობები.