საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე

2015 წლის 18 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს შემდეგი:

„საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს და ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებასა და თავისუფალ არჩევანს. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგზე და ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებენ. ამავდროულად, ალიანსის გაფართოების ისტორია ცხადყოფს, რომ ნატო-ში ახალი ქვეყნების გაწევრიანება წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას კი თავად რუსეთის ფედერაცია უქმნის საფრთხეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სისტემატური მილიტარიზაციითა და მისი ანექსიის მცდელობით.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველო დღემდე უშედეგოდ აყენებს ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს მიერ ორჯერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ რუსეთის მხრიდან ასეთივე ვალდებულების აღების საკითხს. აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადებით რუსეთი ფაქტობრივად იქვემდებარებს საოკუპაციო რეჟიმების უკანონო სამხედრო გაერთიანებებს, რითაც განსაკუთრებით აქტუალური ხდება რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღება.“

2015 წლის 18 თებერვალი