საგარეო საქმეთა სამინისტროს ტორონტოს უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

მიმდინარე წლის 17 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ კანადელი პროფესორი, ტორონტოს უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროგრამის დირექტორი რობერტ ოსტინი და ამავე უნივერსიტეტის 11 სტუდენტი მიიღო. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ კანადელ სტუმრებს გააცნო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ამჟამინდელი მდგომარეობა, განხორციელებული რეფორმები და ამ პროცესში ქვეყნის წინაშე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში გაიმართა ლექცია-დისკუსია თემაზე ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“, რომელშიც კანადელ სტუმრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს თანამშრომლებმაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოსა და კანადას შორის  განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე და უკვე მეორე წელია იღებს სასწავლო ჯგუფს ტორონტოს უნივერსიტეტიდან.