საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროში თომას ჰამერბერგთან შეხვედრა გაიმართა

25.11.2016 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტთან, თომას ჰამერბერგთან, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის, დავალებით სწავლობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. 

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავა, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესწავლისას თომას ჰამერბერგის ყურადღების საგანს წარმოადგენს ისეთი საკითხები, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება, გატაცების, უკანონო და თვითნებური დაკავების აკრძალვა, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, და სხვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით ადგილზე არსებული მდგომარეობა. თომას ჰამერბერგმა ხაზი გაუსვა, რომ მისი დავალებაა ადგილზე არსებული ვითარების შეფასება და ეს არ არის სადამკვირვებლო მისია.

თომას ჰამერბერგი 2016 წლის მაის-ნოემბერში ოთხჯერ ეწვია საქართველოს, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, კერძოდ: თბილისში, ზუგდიდში, სოხუმში, ასევე გალის, ტყვარჩელის, გაგრის, გუდაუთასა და გულრიფშის რაიონებში. შეხვდა საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს, გალის რაიონის სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს, გიგა ოთხოზორიას ოჯახს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, ასევე სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე. საუბრისას აღინიშნა აფხაზეთის რეგიონში საერთაშორისო მონიტორების რეგულარული მუშაობისა და ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების აუცილებლობა.