საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა

მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა - 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც იყო საქართველოს დემოკრატიის, რეფორმების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. აღნიშნულ პროცესს აქვს უაღრესად პოზიტიური, მე ვიტყოდი, უპრეცედენტო საერთაშორისო შეფასებები, რომელიც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება საგარეო გამოწვევების კუთხით, ვგულისხმობ ვილნიუსის სამიტის, ნატო-ს სამიტს და საერთაშორისო კონსოლიდაციას ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებში.

ბრიფინგს დავიწყებ იმ შეფასებებით და მოკლე მიმოხილვით, რომელიც გაკეთდა საარჩევნო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.როგორც მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა ძალიან სერიოზული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია. გაკეთდა პირველი, ძალიან პოზიტიური შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო მონიტორების მხრიდან ერთხმად იქნა შეფასებული ეს არჩევნები, როგორც უაღრესად დადებითი, გამჭვირვალე, წარმატებუილი, დემოკრატიული. უკვე აღვნიშნე, რომ ეს სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს მომავალ საერთაშორისო გამოწვევებში. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებებში არის აღნიშნული - საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო მწიფდება, არჩევნების გამართვა მოხდა ეფექტურად, მშვიდობიან, კონსტრუქციულ გარემოში და შეუზღუდავად იქნა დაცული გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებები. კანდიდატებს შეეძლოთ საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობა შეზღუდვის გარეშე, მედია იყო ნაკლებად პოლარიზებული.

მსურს შევეხო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ გააკეთეს ერთობლივი განცხადება. მათ მიულოცეს გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება არჩევნებში და აღნიშნეს, რომ ეს არის დემოკრატიული ღირსების დემონსტრირება და რომ ისინი მიესალმებიან ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის გაკეთებულ განცხადებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელმაც უნდა აღნიშნოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯი, გამოთქვამენ იმედს, რომ პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება ვილნიუსის სამიტის შემდგომ.

ლიტვის პრეზიდენტმა ახლადარჩეული პრეზიდენტი უკვე მიიწვია ვილნიუსის სამიტზე. მან თავის მილოცვაში აღნიშნა, რომ საქართველომ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი და გამოთქვა იმედი, რომ ვილნიუსის სამიტზე ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს ევროპული არჩევანის შეფასებას.

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ კვლავ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი და ევროატლანტიკური სტანდარტების შემხვედრი კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. საქართველო ნატო-ს ახლო და სანდო პარტნიორია და ნატო აგრძელებს ახალ პრეზიდენტთან და მის გუნდთან მუშაობას და ეს დაეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური მიზნების მიღწევაში. ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად მისალოცი განცხადება გამოაქვეყნა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ.

მნიშვნელოვანი იყო ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელმაც არჩევნებს ისტორიული უწოდა. ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ქართველისთვის ეს კიდევ ერთი ისტორიული დღე იყო, საქართველოს დემოკრატიისაკენ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ გაგრძელდება სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.

ძალიან სასიამოვნო და დადებიბითი იყო ასევე საპარლამენტო ასამბლეათა დელეგაციების მიერ გაკეთებული შეფასებები. გამოვყოფდი რამდენიმე მათგანს, კერძოდ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ამ არჩევნებს ევროპული არჩევანი უწოდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის გამოხმაურება; მათ განცხადებაში არის აღნიშნული, რომ ქართველებს შეუძლიათ იამაყონ ამ მონაპოვრით. რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, მან ყურადღება გაამახვილა არჩევნების მნიშვნელობაზე რეგიონში და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები არის მნიშნელოვანი მიღწევა ქვეყნისთვის და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.

ასევე უნდა ითქვას, რომ არჩევნებს აკვირდებოდნენ ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძოდ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები. რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 125-ზე მეტ საარჩევნო უბანზე გააკეთა დაკვირვება, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები 92 საარჩევნო უბანს აკვირდებოდნენ და მათი მხრიდანაც უაღრესად პოზოტიური განცხადებები იქნა გაკეთებული.

განცხადება ასევე გააკეთა სუამ-ის საპარლამენტო დელეგაციამ, მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევენები გაიმართა დემოკრატიული არჩევნების და საერთაშორისო ვალდებულებების სტანდარტების შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობის დაცვით და მთლიანობაში, შეფასებულია, როგორც დამოუკიდებელი და სამართლიანი.

გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება მილოცვების მიღება ევროპელი და სხვა ჩვენი პარტნიორებისაგან, კერძოდ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება; გუშინ შედგა სატელოფონო საუბარი საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ასევე მიღებულია მილოცვები ჩვენი უახლოესი მეზობელი ქვეყნების (აზერბაჯანი, თურქეთი, სომხეთი) ხელმძღვანელი პირებისგან.

კიდევ ერთხელ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან ნათელი მხარდაჭერა და ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო მიმართულებით გადავდგამთ ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ეს შეფასებები და პოზიტიური მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ასახული იქნას ჩვენს მიღწევებში სართაშორისო ასპარეზზე.

მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან მომენტს. საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. კერძოდ, უნდა აღინიშნოს, 18 ოქტომბერს, როდესაც გაიმართა ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მორიგი შეხვედრა, იყო საუბარი და ჩვენ გვქონდა რწმუნება, რომ არ შეუშლიდნენ ხელს მათ არჩევნებში მონაწილეობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს მოქალაქეებს არ მიეცათ საშუალება არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა და ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად, ძალიან მწვავედ ვისაუბრებთ ჟენევის მომდევნო რაუნდზე, რომელიც 5-6 ნოემბერს გაიმართება.

მინდა შევეხო საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას საზღვარგარეთის უბნებში. თქვენ იცით, რომ 35 ქვეყანაში იყო 50 საარჩევნო უბანი გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 5056 ამომრჩეველმა. სამწუხაროდ, მონაწილეობის მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი და შეადგენდა ამომრჩეველთა 10 პროცენტს, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ არჩევნები ჩატარდა ექსცესების და დარღვევების გარეშე. იყო გარკვეული პრეტენზიები, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო სიებიდან და რეგისტრაციიდან მოხსნილი იყო რამდენიმე ამომრჩეველი.

მიმდინარე კვირას დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ 30-31 ოქტომბერს იგეგმება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოში. იგი შეხვედრას გამართავს ქ-ნ მაია ფანჯიკიძესთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და შინაგან საქმეთა მინისტრს. ეს ვიზიტი წარმოადგენს საქართველო- ისრაელს შორის ბოლო პერიოდში აქტიური ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის ვიზიტმა ისრაელში. დღეს, თბილისში იხსნება ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობების შეკრება, ე.წ ამბასადორიალი, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეკითხვა: უკვე ცნობილია, რომ ვილნიუსის სამიტზე ოფიციალური მოწვევა არის მიღებული, როგორ დაკომპლექტდება დელეგაცია და კიდევ თუ არის სხვა მიწვევები უახლოეს მომავალში მომავალი პრეზიდენტისათვის?

პასუხი: ვილნიუსის სამიტზე დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციის შემადგენლობაში იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი. რაც შეეხება დელეგაციის სხვა წევრებს, ამის შესახებს ჩვენ უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდებით და ცნობილი გახდება თქვენთვის დელეგაციის შემადგენელობა.რაც შეეხება დანარჩენ ვიზიტებს, ვიწყებთ მუშაობას. ბუნებრივია, პირველი ვიზიტი იქნება ვილნიუსი და შემდგომი ვიზიტების შესახებაც აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას. ეს სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და თქვენთვის ცნობილი გახდება.

შეკითხვა: გუშინ პრემიერმა და მომავალმა პრეზიდენტმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორებზე რუსული მობილური კავშირის „მტს"-ის მოქმედების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო რა კუთხით არის ჩართული და ოფიციალური ნოტის გაგზავნას ხომ არ აპირებთ?

პასუხი: ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად სამართლებლივ კონტექსტში განვიხილავთ, ასევე საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მიღებული შესაბამისი ზომები, რათა სამართლებლივად მოხდეს ამ საკითხის განხილვა და ამაში ჩართული იქნება, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე იუსტიციის სამინისტრო.

შეკითხვა: ბატონო დავით, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მიწვეული გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, ასეთ ინაუგურაციებზე თუ იწვევენ პრეზიდენტებს და როგორ ხდება გადაბარების პროცესი?

პასუხი: ამის შესახებ არსებობს შესაბამისი ბრძანება, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ინაუგურაცია, სწორედ ამ შესაბამისი აქტის მიხედვით იქნება განხორციელებული. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით გარკვეული ჯგუფი, კომისია უკვე მუშაობს ამ საკითხებზე და სწორედ ისე იქნება გაწერილი, როგორც ეს არის საკანონმდებლო აქტში.

შეკითხვა: როგორც წესი საგარეო საქმეთა სამინისტრო არის კურსში პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით. თუ გქონდათ ინფორმაცია სააკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ?

პასუხი: დიახ, ჩვენთვის ეს ცნობილი იყო. უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ შეატყობინა ჩვენმა საელჩომ ბრიუსელში, ბუნებრივია, დაკავშირება მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ბრიუსელში და სწორედ ჩვენმა საელჩომ შეგვატყობინა ამ ვიზიტის შესახებ.

შეკითხვა: უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ ისაუბროთ ბრიუსელში თბილისის მერის და მოქმედი პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ?

პასუხი: საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იყო ამ ვიზიტის მომზადებაში ჩართული. ჩვენ მხოლოდ ინფორმაციულად ვიყავით საქმის კურსში და როგორც აღვნიშნე, ამის შესახებ გახდა ცნობილი ბრიუსელში საქართველოს საელჩოს მხრიდან. ჩვენ ამ ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა არ მიგვიღია.

შეკითხვა: ვილნიუსის სამიტზე ვიცით, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე იქნება საუბარი, რა ორმხირვი შეხვედრები იქნება, დეტალებზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ?

პასუხი: რა თქმა უნდა, ვილნიუსში, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვახდინოთ პარაფირება ასოცირების ხელშეკრულების, შესაძლებლობა იქნება ასევე განხორციელდეს ორმხირვი შეხვედრები. ეს იქნება საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს შორის პირველი კონტაქტი, ექნება გაცნობითი ხასიათი და ჩვენ ვაცნობებთ და კვლავ დავადასტურებთ იმ პრიორიტეტებს, რომელიც საქართველოს ხელისუფულებას აქვს საგარეო მიმართულებით.

შეკითხვა: როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არის საფუძველი ვარაუდისა, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მოხდეს სამუშაო შეხვედრების აღდგენა. გარკვეული დრო უკვე გავიდა, რა კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?

პასუხი: მოგეხსენებათ, რომ გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრები იყო შეწყვეტილი. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, მან აქტიურად დაიწყო მუშაობა, რომ შეხვედრები განახლდეს, ჩვენც აქტიურად ვართ ჩართულები ამ პროეცესში. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ, რომელიც 5-6 ნოემბერს გაიმართება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ექნება შესაძლებლობა, რომ განაახლოს გალის შეხვედრები.

შეკითხვა: რაც შეეხება აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაციას, ძალიან შევიწროებულები არიან და იმის გამო, რომ იქ მცხოვრები ქართველები უარს ამბობენ პასპორტების აღებაზე მოიხსნა უშიშროების საბჭოს მდივანი. შეფასება როგორი იქნება, რას აკეთებს ამ დროს თბილისი?

პასუხი: ყველა ის საკითხი რომელიც დაკავშირებულია ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარულ საკითხებთან, კერძოდ, თავისუფალ გადაადგილებასთან, მათ უფლებებთან, ყველა ეს საკითხი განიხილება ჟენევაში და მინდა დაგარწმუნოთ, მომდევნო რაუნდი ამ საკითების განხილვას მიეძღვნება. იქ პირველ სამუშაო ჯგუფში განიხილება უსაფრთხოების თემები, ძალის არგამოყენება, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფი მთლიანად არის ფოკუსირებული ჰუმანიტარულ საკითხებზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე და ადამიანების უფლების შეზღუდვის თემები სწორედ ამ ჯგუფში განიხილება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს საკითხები იქნება ძალიან მწვავედ დასმული ჟენევის მომდევნო რაუნდზე.

2013 წლის 29 ოქტომბერი
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი