საგარეო საქმეთა სამინისტროში პაკისტანის კვლევითი ცენტრისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

02.02.2017 თბილისი -2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის კვლევითი ცენტრისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ კარაჩის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (KCFR)  პრეზიდენტი აჰსან მუხტარ ზუბერი და კომპანია „HRSI“-ის აღმასრულებელი დირექტორი, პაკისტანში საქართველოს საპატიო კონსულის კანდიდატი ხ. მურად მაშუკულა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და პაკისტანს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. დავით ჯალაღანიამ სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, ინფორმაცია მიაწოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თაობაზე.
 
სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ  ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საქართველოსა და პაკისტანში მოქმედი კვლევითი ცენტრების  დაახლოების და გაცვილითი პროგრამების ორგანიზების მიზნით. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და სხვა სექტორების წარმომადგენელთა შორის შემდგომი კონტაქტების დამყარებას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა უახლოეს მომავალში ქ. თბილისში საქართველო-პაკისტანის ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ორგანიზების შესაძლებლობა.