საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში  გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილია.

საქართველოს მხრიდან სხდომას ხელმძღვანელობდა - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე,  ევროკავშირის მხრიდან კი  - ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS), რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი, გუნარ ვიგანდი. ასევე, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანძემ; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ; საქართველოს სოფლის მეურნეობს მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური  დაცვის მინისტრის მოადგილემ გაიოზ თალაკვაძემ; საქართველოს სახალხო დამცველის  პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ; პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯომარემ თამარ ჟვანიამ; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროების  და საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა; ასევე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ევროკომისიის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის  წარმომადგენლებმა.  

სხდომაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა; ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესი დემოკრატიული რეფორმების კუთხით, კერძოდ კი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საკონსტიტუციო რეფორმა, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა. ასევე, განხილული იქნა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა  საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე, რაზედაც ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე წლის  შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი ჯგუფი, რომლის შედეგებზე დაყრდნობით ევროკომისია მოამზადებს ანგარიშს  და ეს გახდება იმის საფუძველი, რომ ევროკავშირმა დაიწყოს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად.
 
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, მათ შორის ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების პერსპექტივებს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის მნიშვნელობას. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
სხდომაზე, მხარეებმა, ასევე, განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიმდინარე თანამშრომლობა;  მათ შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სფეროებში. სხდომაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ევროინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის ინტენსიფიკაციის საჭიროებაზე.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის პირველი სხდომა ორივე მხარის მიერ შეფასდა დადებითად და ევროკავშირის მხარის მიერ აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული პროგრესი.
ასოცირების კომიტეტის შემდეგ გაიმართა კომიტეტის თანათავმჯდომარეების  ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
 
საქართველო–ევროკავშირის ასოცირების კომიტეტი წარმოადგენს საქართველო–ევროკავშირს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის შუალედურ რგოლს. ასოცირების კომიტეტი იკრიბება წელიწადში ერთხელ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეების დონეზე (ქართული მხრიდან სხდომას, როგორც წესი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს). 

  NE5A7985-tt-(1).pngNE5A7995-tt-(1).png  NE5A7979-tt-(1).png