საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

15 დეკემბერი 2016, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

კონსულტაციებს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო საფრანგეთის მხრიდან საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორატის ხელმძღვანელი ფლორანს მანჟინი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ხაზი გაესვა უახლოეს მომავალში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის მნიშვნელობას თბილისში და მჭიდრო თანამშრომლობას საფრანგეთის საწარმოთა გაერთიანებასთან (MEDEF). ასევე, საუბარი შეეხო თავდაცვის, ტურიზმის, კულტურის, განათლების სფეროებში ურთიერთობების სამომავლო განვითარების პერსპექტივებს და რეგიონთაშორის თანამშრომლობას.

კონსულტაციებისას, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის აუცილებლობის შესახებ.

2017 წელს, საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა კულტურული თუ სხვა სახის ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  

ევროკავშირთან მიმართებით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით, ასევე სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით. 

აღინიშნა სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. 

ვახტანგ მახარობლიშვილმა საფრანგეთის დელეგაციას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მცოცავი ანექსიის, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების შედეგები და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.

თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა. 

მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგში მყოფი რეგიონული და გლობალური აქტუალური საკითხები.