საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩმა დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გამართა. დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე კვირას დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ, ასევე შეაფასა გასული კვირის მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური მოვლენები.

დილა მშვიდობის, მინდა დღევანდელ ბრიფინგზე გამოვეხმაურო იმ ვიზიტებს და ღონისძიებებს , რომლებიც გასულ კვირას განხორცილედა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. უპირველეს ყოვლისა ხაზი მინდა გავუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 11-12 დეკემებრს შედგა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი საქართველს საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციით ეწვია. მას შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შეხვდერის ფარგლებში განიხილებოდა ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ორმხირივი ვიზიტების აქტიური დინამიკა და განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ურთიერთსასარგებლო რეჟიმის შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელობაზე. ასევე ხაზი გაესვა კულტურის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, თამარ ბერუჩაშვილი 9 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს. შეხვედრის ფარგლებში მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაფუძნდა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო. საბჭო განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობათა ძირითად მიმართულებებს და განახორციელებს ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის კოორდინაციას. ამ საბჭოს პირველი შეხვედრა 2015 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს განხილული იყო ორმხირივი საკითხები და რეგიონალურ ჭრილში თანამშრომლობის პერსპექტივები. რაც მთავარია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიულ მთლიანობის და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისადმი თურქეთის ურყევი მხარდაჭერა. ასევე აღინიშნა, რომ თურქეთი არ ცნობს რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილ ე.წ. „ხელშეკრულებას" და აღნიშნულთან დაკავშირებით უერთდება ევროკავშირის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაკეთებულ განცხადებებს. მინისტრების შეხვედრისას, ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. ანკარაში, თამარ ბერუჩაშვილი იმ არარეზიდენტნ ელჩებსაც შეხვდა, რომლებიც საქართველოს ანკარიდან ფარავენ. შეხვედრას 19 ელჩი ესწრებოდა. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის განუხრელად გატარებისათვის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ჩვენი მხარდაჭერისთვის. 10 დეკემბერს კი, ქალაქ ყარსში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეოთხე შეხვედრა. ყურადღება დაეთმო რეგიონალურ თანამშრომლობას. განიხილებოდა სამი ქვეყნის ურთიერთქმედების პერსპექტივები რეგიონული ენერგეტიკული და სატრანსპორტო განხორციელების საკითხში. გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოში არსებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. აღინიშნა რეგიონში არსებული კონფლიქტების დროულად მოგვარების განსაკუთრებული მნიშვნელობა. შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ყარსის განცხადებას.
რაც შეეხება გასული კვირის მნიშვნელოვან ღონისძიებებს, მოგეხსენებათ, რომ აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიაღწიეს შეთანხმებას 2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ საქართველოსთან მიმართებით საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში,საქართველოსთვის გათვალისწინებულია 30 მლნ აშშ დოლარი. ამას გარდა, „ ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის" (European Reassurance Initiative - ERI) ფარგლებში, 57 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის დახმარების გაზრდის მიზნით. დამატებით, 25 მლნ დოლარია გათვალისწინებული ევროპაში და ევრაზიაში აშშ-ის პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ERI-ის ფარგლებში, ჯამში გამოყოფილია 810 მლნ აშშ დოლარი, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შემდგომი დესტაბილიზაციის შეკავებას და ამ მიმართულებით რეგიონში ყოფნის, მზაობისა და რეაგირების გაზრდის მხარდაჭერას. ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლოერებას გამოვთქვამთ ამასთან დაკავშრებით, რადგანაც პირველად მოხდა, რომ ეს ორ პარტიულ პრინციპზე იყო დაფუძნებული. მინდა შევეხო კიდევ ერთ კანონპროექტ , რომელიც ასევე ჩვენ გვეხება და რომელიც სენატმა შეიტანა. ამას ჰქვია უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი, სადაც ნათქვამია, რომ ეს კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას იმ თავდაცვითი თუ სამხედრო კომპანიების მიმართ, რომლების ხელს უწყობენ მოლდოვას, საქართველოს და უკრაინაში დესტაბილიზაციას. დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტი მივიღეთ ასევე ევროკავშირიდან. ევროკომისია საქართველოს მაკრიფინანსური დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს 46 მილიონი ევროს ოდენობით. თანხას საქართველო 2015 წელს ორი თანაბარი ტრანშის სახით მიიღებს."ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას, შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში", ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის დელეგაცია, რომელიც იხილავდა საქართველო ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში ჩვენს მიერ მიღწეეულ შედეგბს. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა. გადავედით მეორე ფაზაზე, რომელიც გულისხმობს იმპლიმეტაციას. და მეორე ფაზის ფარგლებში ეს გახლდათ ექსპერტების პირველი ვიზიტი, ჩვენ სულ ველოდებით 4 შემფასებელ მისიას. გვაქვს მოლლოდინი, რომ ამ მიმართულებით საქღტველოს ძალისხმევა დადებითდ შეფასდება, რაც ხელს შეუწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას.

2014 წლის 17 დეკემბერს კი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე შედგება დებატები საქართველოს თაობაზე, ხოლო ა.წ. 18 დეკემბერს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას და მოახდენს მის რატიფიცირებას.
რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში 18 დეკემბერს ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი დავით დონდუა და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთსა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ და მასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები რეგიონის მასშტაბით. ამასთან, მხარეები იმსჯელებენ საქართველოს რეინტეგრაციის პოლიტიკაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. ამერიკელ კოლეგებთან ერთად ასევე განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემო და ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხები.

მხარეები აგრეთვე ისაუბრებენ (ამ ჯგუფის ფორმატი ითვალისწინებს ამდაგვარ თემატიკას) თანამშრომლობის გაღრმავებაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

2014 წლის 19-20 დეკემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კეიტ პენტუს-როსიმანნუსი. გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, ბალტიისა და სკანდინავიის რიგი ქვეყნების შემდეგ, რომელსაც ესტონეთის ახლადდანიშნული მინისტრი ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა. ჩვენ ამ ვიზიტს ვაფასებთ, როგორც საქართველოს საქართველოსადმი ესტონეთის განსაკუთრებული მხარდაჭერის და სოლიდარობის გამომხატველს. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. იგი შეხვდება თავის ქართველ კოლეგას და ასევე სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

15 დეკემბერს კი დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისათვის 100 მლნ იაპონური იენის ოდენობით (დაახლ. 1 მლნ აშშ დოლარი) გრანტის გამოყოფას. ეს გრანტი მოხმარდება საქართველოსთვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის შეძენას. საქართველოს მხრიდან ნოტებს ხელს მოაწერს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო იაპონიის მხრიდან - საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

გასულ კვირას, 2014 წლის 12 დეკემბერს გაიმართა შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 31-ე სხდომა, რომლითაც დასრულდა ამ ორგანიზაციაში საბერძნეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობა. ამ დელეგაციას ჩვენი მხრიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, რომელიც სიტყვითაც გამოვიდა. მის გამოსვლაში აღინიშნა რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა და ისიც, რომ ამ ორგანიზაციაში ეკონომიკურ ურთიერთქმედებას ძალიან ბევრი ფაქტორი უშლის ხელს. პირველ რიგში კი იმ ფუნდამეტური პრინციპების ხელყოფა, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობა. პრობლემები და გამოწვევები ამ ორგანიზაციის ფარგლებში ბევრია და ამას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

კითხვა: საზოგადოებრივი მაუწყებელი: თქვენ წეღან ბრძანეთ, რომ ევროპარლამენტი მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. რა მოლოდინება გვაქვს, თქვენი შეფასება თუ შეიძლება? და კიდევ ერთი, ამ დროისთვის რამდენმა ქვეყანამ მოახდინა ამ დოკუმენტის რატიფიცირება.?
პასუხი: მოგახსენებთ, დღესდღეობით 10-მა ქვეყანამ მოახდინა უკვე რატიფიცირება. ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა , ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, ხორვატია. 18 დეკემებერს კი უკვე ევროპარლამენტი მოახდენს რატიფიცირებას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება შესაბამისი რეზოლუცია. მე ვერ გეტყვით რეზოლუციის შინაარსს, იმიტომ რომ ის ვეროპარლამენტის მიერაა მომზადებული, მაგრამ ნამდვილად გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ეს რეზოლუცია ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით მხარდაჭერითი იქნება.
კითხვა: რუსთავი 2 : ხომ არ არის ცნობილი ვინ დაიკავებს ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტს, როგორც ცნობილია ლევან დოლიძემ დატოვა ეს თანამდებობა.
პასუხი: ნატო ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიუული მიმართულება და იქ კვალიფიციური კადრის ყოფნა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლევანს გაწეული სამსახურისთვის. ეს მისი არჩევანი იყო. ახალ კანდიდატებზე უკვე მიდის მსჯელობა, გვარებს და სახელებს ზუსტად ვერ გეტყვით. დამერწმუნეთ, რომ მთავრობას საუკეთესო კანდიდატი წარედგინება. როდის გახდება ცნობილი ამ კანდიდატის ვინაობა, ამაზე მუშოაბა მიდის.
კითხვა: რუსთავი 2: კიდევ ერთი კითხა, რომელიც რაულ ხაჯიმბას განცხადებას შეეხება ენგურჰესთან დაკავშირებით. როგორც ვიცით საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე, რა არის გარკვეული და ამ დროისთვის ცნობილი?
პასუხი: ჩვენის აზრით ეს არის უფრო პოპულისტური და პროვოკაციული განცხადება, ყველა იმ მოვლენის ფონზე, რაც ხდება იმ ე.წ. ხელშეკრულების ერთ შემთხვევაში მოწერის და მეორე შემთხვევაში ასე ვთქვათ დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით. მე არ ვარ დარგის სპეციალისტი. თუმცა გაკეთდა ძალიან ბევრი კარგი განცხადება, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელია. აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად ამ 20 წლიანი არსებული კონფლიქტისა, ენერგოთანამშრომლობის სფეროში რა სტატუსკვოც არის და როგორც მუშაობდა ეს კაშხალი, ეს თანამშრომლობა იყო ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო, რაც იწვევს ნდობას მე ნამდვილად მაქვს განცდა და დარწმუნება იმისა, რომ არაფერი ამ საკითხს არ ემუქრება.
კითხვა: რუსთავი 2: როგორც ვიცით უნდა ჩატარებულიყო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ამ ე.წ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ხომ არ გარკვეულა დრო?
პასუხი: ამ კუთხით და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენი საკითხების წამოწევით, ჩვენი მისია ნიუ-იორკში რათქმაუნდა მუშოაბს. უშიშროების საბჭოს ჰყავს 15 წევრი, 5 მუდმივი და 10 არამუდმივი. სამუშაო არის ყველა ამ ქვეყანასთან ერთის გამოკლებით. დარწმუნებული ვართ, რომ ის ერთიც ჩვენს საპირისპიროდ იმუშავებს. გაეროს კუთხით მუშაობა იმ დღიდან დაიწყო, რა დღიდანაც ვიცით ამ ე.წ. ხელშეკრულების შესახებ.
კითხვა: ინფო 9: მინდა გკითხოთ ხაჯიმბას იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აეროპორტის ამოქმედებას შეეხება. იგი იმედოვნებს, რომ 2 წელიწადში ამოქმედდება სოხუმის აეროპორტი. როგორია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია ამასთან დაკავშრიებით და თუ არის მუშაობა დაწყებული ამ მიმართულებით?
პასუხი: თქვენ იცით, რომ ეს ე.წ. ხელშეკრულება ნამდვილად ამ ფაქტის გამოძახილია. იმიტომ რომ ეს არის ინეტრაქცია ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო მტავრობასა და რუსეთს შორის. მე როგორც მახსოვს , ეს აეროპორტი მართვაში უნდა გადაეცეს რუსებს. ჩვენთვის, ისევე როგორც ჩვენი მეგობარი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ეს ხელშეკრულება აბსოლუტურად არ არსებობს და უკანონოა. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ურთიერთობა იქნება უკანონო. შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ (იკაოს) საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია აბსოლუტურად უგულებელყოფს ამ პირობებს. რა თქმა უნდა ეს საკითხები ჩვენი მომდევნო საუბრების დროს დაისმება ერთ-ერთი, როგორც ასე ვთქვათ ფაქტობირივი მასალა, რომ ამ ხელშეკურლებას ასეთი განვითარება მოჰყვა.
კითხვა:ტაბულა: ირანში საქართველოს საელჩოში პრობლემები ექმნებათ ტრაილერების მძღოლებს. მათ დაახლოებით 2 თვე სჭირდებათ რომ მიიღონ ვიზები, რის გამოც დაახლოებით 1000-მდე მძღოლს ექმნება პრობლემა. გადამზიდავები კი სერიოზულ ზარალზე საუბრობენ. თქვენ თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია? რას აკეთებს საელჩო, რომ ეს პრობლემა იქნას აღმოფხვრილი?
პასუხი: ჩვენ ამ პრობლემის შესახებ ვიცით. სავიზო რეფორმის შედეგად მოხდა ის, რომ მთხოვნელთა რიგი გაიზარდა. ეს კიდევ დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენს საკონსულოში არსებული კონტიგენტი არ არის მრავალრიცხოვანი. ისინი არიან 24 საათიან მუშაობის რეჟიმში. ჩვენც და ჩვენი საკონსულოც საქმის კურსში ვართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ეს ვიზები მაქსიმალურად მალე გაიცეს და იქ რიგები არ დაგდეს.

2014 წლის 15 დეკემბერი
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი