საგარეო საქმეთა სამინისტროში ტურისტულ და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

02.02.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში მოქმედი ტურისტული ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.  

სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული შეხვედრის მთავარი თემა უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები იყო.
 
შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობდა, კომპანიების წარმომადგენლებს ის რეგულაციები გააცნეს, რომელთა დაცვაც, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდება.
 
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ისრაელთან და ყველა იმ სახელმწიფოსთან მიმოსვლის რეგულაციებსა და წესებს, რომლებში გადაადგილებაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ.
 
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ტურისტული კომპანიებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენასა და უკანონო მიგრაციის დინამიკის შემცირებას.​