საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება სტიქიით დაზარალებულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სამინისტროს სპიკერმა ჟურნალისტებს წარუდგინა ამ დროისთვის არსებული  მონაცემები 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შემოსული დახმარების შესახებ.
 
13 ივნისის სტიქიური უბედურების დღიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით აქტიურად მუშაობს დაფარვის ქვეყნების დონორული დახმარების გამცემი სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ფონდების ხელმძღვანელობებთან, ისევე როგორც ადგილობრივ ბიზნეს-საზოგადოებასთან.
 
სამინისტროს მიერ გაცემული ინსტრუქციის თანახმად 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებმა გახსნეს დამატებითი, ე.წ. სპეციალური ანგარიშები და  რეკვიზიტები განათავსეს საელჩოების ვებ-გვერდებზე. დღევანდელი მდგომარეობით ხსენებულ ანგარიშებზე აკუმულირებული თანხის მთლიანი მოცულობა შეადგენს 57400 აშშ დოლარს (დიასპორის და ფიზიკური პირების დახმარება)
 
ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ: 
  • თურქეთის რესპუბლიკის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ტრაპიზონის რეგიონალურმა ოფისმა უსასყიდლოდ მოაწოდა საქართველოს 100 000 აშშ დოლარის ჰუმანიტარული ტვირთი.
  • ავია–კომპანია „Air Astana“–მ გადაწყვეტილება მიიღო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად საქართველოს საელჩოს ანგარიშზე გადაერიცხა 30 000 აშშ დოლარი.
  • ალმატისა და ჟამბილის ოლქებში საქართველოს საპატიო კონსულმა ბატონ მ. სებუამ მზაობა გამოთქვა საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხოს   50 000 ლარი
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სტიქიით დაზარალებულებისთვის გადმორიცხოს 100 000 აშშ დოლარი.
  • ჩინურმა კომპანიებმა უკვე გადმორიცხეს დაზარალებულებისთვის 150 000 ლარი
  • საუდის-არაბეთის პრინცი ალ-ვალიდ  ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდი - 300 000 აშშ დოლარი 
  • პოლონურმა სამთავრობო ორგანიზაციამ „Polish Aid“-ის ფარგლებში, დამატებით 100.000 ევროს ოდენობით გრანტი გამოუყო საქართველოს
     

ზემოხსენებულის გარდა რიგი პარტნიორი ქვეყნებიდან სტიქიის პირველივე დღიდან ხორციელდება სხვადასხვა სახის გადაუდებელი დახმარების გაწევა, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან, რაც გამოხატება სხვადასხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოწოდებით, მაგალითად: ტექნიკა, მუშები, ექსპერტები, სპეციალისტები და სხვა.
 
სამინისტროს მიერ გაცემული ინსტრუქციის თანახმად საქართველოს საელჩოებმა შესაბამის ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს და ფონდებს მიაწოდეს ქ. თბილისის მერიის მიერ სპეციალურად მომზადებული დოკუმენტი (მათ შორის სპეციალურად სექმნილი ვებ გვერდის მისამართი help.tbilisi.gov.ge), რომელშიც ასახულია ინფორმაცია სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის, დაზარალებული პირებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მატერიალური ბაზა და ფინანსური რესურსები.
 
დღეისთვის, პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა ელოდება მსოფლიო ბანკისა და გაერო-ს ადგილობრივი წარმომადგენლობის მიერ Needs Assessment Study-ის დასრულებას და სპეციალური დასკვნითი დოკუმენტის გამოცემას, რის საფუძველზეც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას რა ტიპისა და მოცულობის დახმარებას გაუწევენ ქართულ მხარეს. 

საერთაშორისო დახმარება