„საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა“ - მიხეილ ჯანელიძე

28 იანვარი, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის/დეპარტამენტის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
 
„საერთაშორისო  ურთიერთობების  ფაკულტეტზე სტუდენტები  დემოკრატიის სიძლიერეს, ევროპულ და დასავლურ ფასეულობებს სწავლობენ,  რამაც შექმნა  თაობა და მისცა მას ძალა და ენერგია წაეყვანა ქვეყანა  იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის დღეს მიდის.“ -  განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო სექტორის პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფის, ასევე ზოგადად,  ქვეყნის მომავალი განვითარების კუთხით  თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მისი თქმით, 25 წლის მანძილზე  საერთაშორისო ურთიერთობების  სპეციალობა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ სპეციალობად იქცა. კურსდამთავრებულებს შორის მრავლად არიან საზოგადოების ცნობილი სახეები - სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და მეცნიერები. „საგარეო საქმეთა სამინისტროში  მე ყოვედღიურად მიწევს ინტერაქცია ამ დეპარტამენტის კურსდამთავრებულებთან. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის პოზიციების გასაძლიერებლად“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  
 
მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დამფუძნებელთა განსაკუთრებულ ღვაწლზეც ისაუბრა. „გამოწვევებით სავსე პერიოდში, რომელიც არასტაბილურობით, სეპარატისტული ომებითა და უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებით აღინიშნა, ამ საქმეს სათავაეში ჩაუდგნენ ისეთი პიროვნებები, როგორიცაა ბატონი ალიკა რონდელი და ბატონი ლევან ალექსიძე, და მე მინდა  ყველამ ერთად პატივი მივაგოთ იმ წვლილს, რომელიც მათ ამ ისტორიული საქმის განხორციელებაში შეიტანეს“ -  განაცხადა მინისტრმა.  
 
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი დამოუკიდებელი საქართველოს  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. „საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტუდენტებმა ვიცოდით, რომ ჩვენ განსაკუთრებული მისიით  მოვდიოდით ამ უნივერსიტეტში, მოვდიოდით  როგორც სახელმწიფო სამსახურში, არა მხოლოდ როგორც  სტუდენტები, არამედ როგორც  სახელმწიფოს მოსამსახურენი“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
 
 
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1991 წელს დაარსდა. საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პირველ გამგედ არჩეულ იქნა პროფესორი ალექსანდრე რონდელი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება საქართველოში.
 
28 იანვარს, თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის/დეპარტამენტის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.