საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის სამედიცინო დაზღვევის სისტემა ამოქმედდა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ ამბასადორიალის მონაწილეებთან შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც განიხილებოდა სისტემაში ადმინისტრაციული კუთხით არსებული ვითარება და ის სიახლეები, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმალობაში განხორციელდა უწყებაში.

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევითა და სამედიცინო მომსახურებით.

ამ მიმართულებით 2015 წელს პირველი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, ადგილობრივ და საერთაშორისო სადაზღვეო კომპანიებთან აქტიური კონსულტაციებით მოხერხდა ბაზრების მოკვლევა და საბოლოოდ, შემუშავებულ იქნა სამედიცინო დაზღვევისა და სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მექანიზმი, რაც მიმდინარე წლის მაისიდან, მინისტრის შესაბამისი ბრძანებით ძალაში შევიდა.

შედეგად, ბოლო ორი თვის განმავლობაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებიდან დაზღვეულთა რიცხვი 80%-მდე გაიზარდა.

სამედიცინო დაზღვევის მსგავსად ასევე სიახლეა საზღვარგარეთ მყოფი დიპლომატების არასრულწლოვანი შვილების სკოლამდელი და სასკოლო სწავლების ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურების დაფინანსების მიმართულებითაც.  სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატთა შვილების სასკოლო განათლების დაფინანსების შესახებ.

ამბასადორიალის მონაწილეებთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რაც ზვიად გონაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი შვებაა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ყოველი ასეთი შემთხვევის დროს ხშირ შემთხვევაში მთელი დიასპორის მასშტაბით აგროვებდნენ ფინანსებს გარდაცვლილი ოჯახის წევრის სამშობლოში გადმოსასვენებლად. მან მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს ამ პროცესის ორგანიზაციულად ეფექტურად დალაგებისთვის.

საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეებისთვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად დასახელდა საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმება აპოსტილის კონვენციის საქართველოსთან მიმართებაში ცნობის შესახებ. შედაგად, გაუქმდა ლეგალიზაციის რთული პროცედურა, რაც საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნიდა საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს, პირველ რიგში ფინანსური თვალსაზრისით.

აღინიშნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის ხელშეკრულებების იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის პროექტის წარმატება. მას ამ ეტაპზე იყენებს ევროპის 17 სახელმწიფო. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რათა ევროპის კავშირის სხვა წევრმა სახელმწიფოებმაც გამოხატონ თანხმობა ხსენებულ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ“ ახალ დებულებაზე, რომლის მიზანია ახლებურად გაიაზროს საპატიო კონსულის ინსტიტუტი და ხელი შეუწყოს ამ ინსტიტუტის განვითარებას და სრულყოფას.

ამჟამად, საქართველოს ჰყავს 20 საპატიო კონსული. მათ შორის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპატიო კონსულები დაინიშნენ: ბელგიის სამეფოში (ქ. ლიეჟში), ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქ. მაიამიში), ფილიპინების რესპუბლიკაში (ქ. ბაგუიოში), ლიბანის რესპუბლიკაში (ქ. ბეირუთში), თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. თექირდაღში), კვიპროსის რესპუბლიკაში (ქ. ლიმასოლში).

ივლისი 2016
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27   28     29      30      1           23
4     5 6           7   8       9      10
1112   13   14        15       16    17 
18 19   20  21   22  23   24 
25   26      27        28   29  3031
1   23 4 5    67